თამარ ბაჩალიაშვილის დედა შიმშილს იწყებს. ამის შესახებ განცხადება თეონა თამაზაშვილმა პროკურატურასთან გააკეთა.
მისი განცხადებით, ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიებაში ფედერალური ბიურო უნდა ჩაერთოს.
"გუშინ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, მატყუარები არიან, დარბიან, ალბათ ღამე არ სძინავთ, როგორ გაამყარონ თვითმკვლელობის ვერსია, იმას ცდილობენ. თვითონ არიან გარეულები და გასვრილი აქვთ ხელი ჩემი შვილის მკვლელობაში.
ვიწყებ შიმშილს. არ ვეთანხმები შსს-ს დეზინფორმაციებს და ვითხოვ FBI-ის ჩართულობას", - განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თამარ ბაჩალიაშვილის ლეპტოპის ექსპერტიზის შესახებ ინფორმაცია გუშინ გაავრცელა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ექსპერტიზის დასკვნის და დათვალიერების ოქმის მიხედვით, 2020 წლის 17 ივლისს, გაუჩინარების წინა დღეს 18:36 საათზე თამარ ბაჩალიაშვილი შესულია „ფეისბუქის“ გვერდის დახმარების განყოფილებაში, სადაც მითითებული არის გვერდის სათაური - What will happen to my Facebook account if I pass away?, რაც ქართულად ნიშნავს - რა მოუვა ჩემს ფეისბუქის ანგარიშს თუ მე გარდავიცვლები?